ბულგარეთის პოლიციამ ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა
ბულგარელმა სამართალდამცველებმა ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუმინეთის მოქალაქეა, რომელიც მოლდოვურ პასპორტსაც ფლობს.
პოლიცია დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.
ვიქტორია მარინოვა შაბათს ქალაქ რუსეს ერთ-ერთ პარკში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილს სექსუალური ძალადობის ნიშნები ჰქონდა.
როგორც ცნობილია, გამომძიებელი ჟურნალისტი გარდაცვალებამდე, რამდენიმე კვირით ადრე ევროკავშირის ფონდებიდან ბულგარეთის ხელისუფლების მიერ თანხების უკანონო მითვისების შემთხვევებს იკვლევდა. ბულგარელმა პროკურორებმა მკვლელობის გამოძიების პარალელურად, თანხების არასათანადოდ განკარგვასთან დაკავშირებით, კომპანია GP Group -ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს და კომპანიის 16 მილიონი დოლარის ოდენობით აქტივი გაყინეს.
ვიქტორია მარინოვა ქალაქ რუსეში მდებარე ტელევიზიის TVN -ის დირექტორი და ორი საგამოძიებო გადაცემის წამყვანი იყო. მოკლული ჟურნალისტის ხსოვნის პატივსაცემად, რუსესა და სოფიაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა.