ბულგარეთში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ბრალდებულს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბულგარეთში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ბრალდებულს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბულგარეთის სასამართლომ ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ სევერინ კრასიმიროვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

21 წლის სევერინ კრასიმიროვის სასამართლო პროცესი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე რუსეში მიმდინარეობდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ჟურნალისტის ცხედარი ქალაქ რუსეში, დუნაის პირას მდებარე პარკში გასული წლის ოქტომბერში იპოვეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კრასიმიროვი მსხვერპლს მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის პარკში ვარჯიშობდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ დანაშაულის მოტივი სექსუალური ხასიათის იყო და მოკლულის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრასიმიროვი თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა.

სევერინ კრასიმიროვი მკვლელობიდან მალევე გერმანიაში დააკავეს, სადაც იგი დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაიქცა. ბულგარეთში მისი ექსტრადირება მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა.