ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას მხარი დაუჭირა
ბულგარეთის პარლამენტმა სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის აკრძალვას მხარი დაუჭირა.
„ფრანს პრესის“ ცნობით, ბულგარეთის პარლამენტმა დაამტკიცა განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლებიც სკოლებსა და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს.
საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც უფლებადამცველები აკრიტიკებდნენ, ბულგარეთის პარლამენტში 159 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 22, ხოლო თავი შეიკავა 12-მა კანონმდებელმა. კანონის მიხედვით, ბულგარეთის განათლების სისტემაში აკრძალული იქნება იმ იდეების პროპაგანდა, რომლებიც დაკავშირებულია არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან.
ბულგარელმა დეპუტატმა ასევე განსაზღვრეს, თუ რას ნიშნავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“. კანონის ტექსტი მიხედვით, „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია განისაზღვრა, როგორც საყოველთაოდ აღიარებული და ბულგარეთის საკანონმდებლო ტრადიციაში დამკვიდრებული საპირისპირო სქესის პირებს შორის ემოციური, რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობის შესახებ ცნებისგან განსხვავებული“.
კანონის მიღებას ბულგარეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქტივისტები სკანდირებდნენ: „სირცხვილია“, „შეწყდეს ადამიანების დევნა“. დემონსტრანტები პოლიტიკოსებს ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების წინ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ლგბტქ პირების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში სდებენ ბრალს. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბულგარეთის ჰელსინკის კომიტეტი“ მოუწოდებდა პარლამენტარებს, არ მიეღოთ ცვლილებები, რომლებიც, მათი შეფასებით, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს და ეწინააღმდეგება როგორც ბულგარეთის კონსტიტუციას, ისე ევროკავშირის კანონებსა და საერთაშორისო კონვენციებს.
როგორც „ფრანს პრესი“ წერს, ბულგარეთის პოლიტიკურ დებატებში ლგბტქ პირების შესახებ დებატები წინასაარჩევნოდ ხშირად იმართება. ოქტომბერში ბულგარეთში ბოლო სამ წელიწად-ნახევარში მეშვიდედ გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
ცნობისთვის, 2021 წელს არასრულწლოვნებში ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღეს უნგრეთშიც.