ბულგარეთის პარლამენტი - ბულგარეთმა უნდა იმუშაოს ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებელობის განსაახლებლად
ბულგარეთმა უნდა იმუშაოს ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებელობის განსაახლებლად, – როგორც სააგენტო Reuters -ი წერს, ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
პარლამენტმა დაავალა ბულგარეთის ენერეგეტიკის მინისტრს, დაიწყოს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან.
დეპუტატების თქმით, ენერგეტიკის მინისტრმა ტემენუჟკა პეტკოვამ ოქტომბრის ბოლომდე უნდა წარადგინოს პროექტი სტრატეგიულ ინვესტორთან და დაფინანსებასთან დაკავშირებული წინადადება.
„ჩვენ გვაქვს ბელენეს ატომური ელექროსადგურთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის სურვილი, განზრახვა და პოლიტიკური ნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
გასულ თვეს ბულგარეთის მთავრობამ მიმართა პარლამენტს თხოვნით, გააუქმოს პროექტის ექვსწლიანი აკრძალვა. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი 10 მილიარდი ევროს ღირებულებისაა.
პროექტით დაინტერესებულია ჩინეთის სახელმწიფო ატომური კომპანია CNNC და რუსეთის „როსატომი“. გარდა ამისა, პეტკოვამ პროექტში მონაწილეობის მიღება ფრანგულ Framatome-ს შესთავაზა.
ბულგარეთმა დუნაიზე დაგეგმილი პროექტი 2012 წელს შეაჩერა. იმის გარდა, რომ სოფიამ ინვესტორები ვერ მოძებნა, მასზე ასევე ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან, რომლებიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შეზღუდვას ითხოვდნენ. კონტარქტის შესაბამისად, ატომური ელექტროსადგური რუსულ მხარეს უნდა აეშენებინა. სოფიას „როსატომისთვის“ პროექტის შეჩერების სანაცვლოდ 620 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა. ამას გარდა, ბულგარეთმა ორი რეაქტორისთვის ნაწილებიც მიიღო, შესაბამისად, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს აღჭურვილობასთან დაკავშირებით.
ბულგარეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბელენეს ელექტროსადგურზე უკვე 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯა. „როსატომში“ კი აღნიშნავენ, რომ რუსული მხარე მზად არის, პროექტის განახლებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
პარლამენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სოფიაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ პარლამენტის შენობის წინ ათობით ადამიანი შეიკრიბა.