ბულგარეთის ხელისუფლება შეამოწმებს კომპანიას, რომელიც შესაძლოა, „ჰეზბოლასთვის“ პეიჯერების მიყიდვასთან იყოს დაკავშირებული
ბულგარეთის ხელისუფლება შეამოწმებს კომპანიას, რომელიც შესაძლოა, დაკავშირებულია „ჰეზბოლასთვის“ პეიჯერების მიყიდვასთან.
ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების თანახმად, ბულგარეთში რეგისტრირებულ კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდება.
პარალელურად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მოქმედმა კომპანიამ, Norta Global Ltd-მა ხელი შეუწყო პეიჯერების გაყიდვას. ბულგარეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ბულგარეთის ტერიტორიაზე პეიჯერების გადაზიდვა არ შეუნიშნავთ.
პარალელურად, უნგრული მედია წერს, რომ „ჰეზბოლას“ პეიჯერები ბულგარული კომპანიის გამოყენებით მიჰყიდეს და უნგრული კომპანია მხოლოდ ქაღალდზე იყო ნაჩვენები. უნგრული მედიის ცნობით, სწორედ ბულგარულმა კომპანია Norta Global Ltd-მა ჩაიტანა პეიჯერები ტაივანიდან და მიჰყიდა „ჰეზბოლას“. ბულგარული კომპანია 2022 წელს არის დაფუძნებული.
„ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ისრაელმა შექმნა ყალბი კომპანია ფეთქებადი პეიჯერების წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ ლიბანში შეიტანეს. გამოცემა წერს, რომ, სულ მცირე, კიდევ ორი ყალბი კომპანია შეიქმნა იმ ადამიანების რეალური ვინაობის დასამალად, ვინც პეიჯერებს აწარმოებდა, აღნიშნული პირები კი ისრაელის დაზვერვის ოფიცრები იყვენენ. გამოცემის თანახმად, როგორც ჩანს, BAC Consulting-ი იყო უნგრული კომპანია, რომელსაც ჰქონდა კონტრაქტი მოწყობილობების წარმოებაზე ტაივანის კომპანიის, Gold Apollo-ს სახელით. ლიბანში მიწოდებულ პეიჯერებში იყო ბატარეები PETN ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ამავდროულად, BAC Consulting-ს ჰყავდა რიგითი კლიენტებიც, რომელთათვისაც ასაფეთქებელი ნივთიერებების გარეშე აწარმოებდა მოწყობილობებს. უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიბანში აფეთქებული პეიჯერები უნგრეთში არასდროს ყოფილა.