ბულგარეთის ელჩი - ნატო-ში თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ყოფნამ ხელი შეუწყო ჩვენს განვითარებას, 2004 წელი კარგი თარიღია გასახსენებლად, რომელიც, ვიტყოდი, აქტუალურია საქართველოსთვისაც
ბულგარეთის ელჩი - ნატო-ში თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ყოფნამ ხელი შეუწყო ჩვენს განვითარებას, 2004 წელი კარგი თარიღია გასახსენებლად, რომელიც, ვიტყოდი, აქტუალურია საქართველოსთვისაც

დღეს რეალურად ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო დავაფასოთ ის, რაც მოხდა 2004 წელს. ნატო-ში თავს უფრო დაცულად ვგრძნობთ და, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ყოფნამ ხელი შეუწყო ჩვენს განვითარებას. კარგი თარიღია გასახსენებლად, რომელიც, ვიტყოდი, საქართველოსთვისაც აქტუალურია, – ამის შესახებ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვესელინ ვალკანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ბულგარეთის ელჩის თქმით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია.

„როგორ გავწევრიანდეთ ევროკავშირსა და ნატო-ში? ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ეფუძნება ქვეყნის, მთლიანად ერის ერთგულებასა და ვალდებულებას, რომელმაც გაზარდა და მოახდინა კონსოლიდაცია ჩვენი მომავალი პარტნიორების ნდობისა, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს პოტენციური წევრისა. ნდობა უმნიშვნელოვანესია. ნდობა უნდა შენარჩუნდეს, რადგან ის გადამწყვეტ როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებისას“, – აღნიშნა ვალკანოვმა.

ბულგარეთის ელჩის თქმით, ელჩები ყურადღებით ადევნებენ თვალს, რაც საქართველოში ხდება კანონპროექტთან დაკავშირებით.

„როგორც ელჩები, თვალს ვადევნებთ მასპინძელ ქვეყანაში მოვლენებს და ვაწვდით ანგარიშს. ასე რომ, დიახ, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, რაც საქართველოში ხდება კანონპროექტის ხელახალ შემოღებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის პოზიცია, და ჩვენ ვართ ევროკავშირის ნაწილი, არაერთხელ იქნა გამოხატული. არ ვიცი, რამდენი განცხადება გაკეთდა ბორელისგან, პარლამენტისგან, ცალკეული პოლიტიკოსებისგან და ა.შ. ჩვენ ვიზიარებთ ამ აზრებს, რადგან ჩვენ ვართ ევროკავშირი. ვგულისხმობ, ჩვენ შეკრული ვართ. ეს არის საერთო შეხედულება.

მე გეტყოდით, გთხოვთ ყველას, მოუსმინეთ, რაც ნათქვამია და გაითვალისწინეთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. არ იფიქროთ, რომ ეს ხვალ დავიწყებას მიეცემა. არა, ხვალ ეს არ დაგვავიწყდება. გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა საქართველომ წარმატებული სვლა განაგრძოს ევროკავშირისა და ნატო-სკენ. თქვენ ეს ყველაფერი თქვით ევროპარლამენტის რეზოლუციაში. გულწრფელად ვიმედოვნებ, აქამდე არ მივალთ“, – განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.

ჟურნალისტებმა ვესელინ ვალკანოვს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზეც, რომლის მიხედვით, ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტზე ღია დისკუსია რამდენჯერმე შესთავაზა.

„არაერთხელ გამოვთქვი ჩემი აზრი. პირადად მე არ ჩავერევი მსგავს საჯარო დებატებში. ჩემი საქმე არ არის ასეთ დებატებში ჩართვა. დებატები სხვაგან უნდა წარიმართოს და იმედი მაქვს, დებატები სწორი გადაწყვეტილებას მომტანი იქნება საქართველოსთვის“, – აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, ბულგარეთის ელჩმა კომენტარი გააკეთა „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

„მე მხოლოდ ჩემი პოზიცია მაქვს, ბულგარეთის პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ელჩმა.