ბუჩას სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე​ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს
ბუჩას სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებებზე​ რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს

ოკუპანტებისგან უკრაინის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით სამიტი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც​ ბუჩას დეკლარაცია მიიღეს.

დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. დეკლარაციას ხელი 50-მდე სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მოაწერა.

სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის ბუჩაში განვითარებული მოვლენები, რომელიც რუსული აგრესიის სიმბოლოც გახდა. დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს სახელმწიფოების, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.

„სამართლიანობა არის ჩვენი ფუნდამენტური დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი, ჩვენი მშვიდობის ფორმულა, რომელიც შემოგთავაზეთ და სამართლიანობისთვის ჩვენ ვქმნით იურიდიული თანამშრომლობის გლობალურ ქსელს. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელებისთვის ყოველი დანგრეული სიცოცხლის საპასუხოდ ლეგალურ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.