Brussels Signal-ი - საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა
Brussels Signal-ი - საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა

საქართველოზე თავდასხმა თვალთმაქცური, ორკესტრირებული დაშინებაა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Brussels Signal-ი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, კრიტიკა, რომელიც ახლა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, არის ზედმეტად ორკესტრირებული, იდეოლოგიური სიგნალი.

„კრიტიკა მოჰყვა საქართველოში უცხოელი აქტორების გამჭვირვალობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის მიღებას. კანონმდებლობა მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადონ მიღებული უცხოური ფინანსების შესახებ, თუ ეს დაფინანსება მათი ბიუჯეტის 20%-ზე მეტს შეადგენს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონმდებლობაა გავრცელებული, გამჭვირვალობა ჰქვია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ბრიუსელში კომისია მას უწოდებს „პრორუსულ“ ნაბიჯს, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ორკესტრირებული ხმაურისა და გამაღიზიანებელი პარალელების მიღმა ორმაგი სტანდარტების მოწმენი ვართ ხელისუფლების დასაშინებლად“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ნათქვამია, რომ ამაში ახალი არაფერია, მაგრამ საეჭვოა.

„უპირველეს ყოვლისა, საეჭვოა, რადგან „პრორუსულად“ მოიხსენიო იმ ქვეყნის მთავრობა, სადაც ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ 2008 წლიდან ოკუპირებულია, სხვა არაფერია, თუ არა სამარცხვინო. საქართველომ ძალიან კარგად იცის, რა არის საკმარისად „პრორუსულად“ არყოფნის საფასური. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ საქართველოს გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ეფუძნება ერთ ლაიტმოტივს: გაქცევა რუსეთის გავლენის სფეროდან მტკიცედ პროდასავლური დღის წესრიგით. ვინმე უწოდებს თუ არა ზელენსკის მთავრობას „პრორუსულს“, თუ ის გადაწყვეტს იმ კანონის მიღებას, რომელიც არსებობს ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში? ეს უხამსი იქნებოდა და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. საეჭვოა, რადგან ამ ე.წ. რუსულ კანონს ასევე შეიძლება, ეწოდოს „ამერიკული“. აშშ-ის კონგრესმა მსგავსი კანონმდებლობა უცხოური აგენტების შესახებ ჯერ კიდევ 1938 წელს მიიღო. ასევე, ახლახან, 5 ივნისს მიღებული ფრანგული კანონი ძალიან წააგავს ქართულ კანონს, მაგრამ სრულიად შეუმჩნეველი დარჩა მაშინ, როცა საფრანგეთის მთავრობა შეუერთდა დასავლურ გუნდს თბილისის წინააღმდეგ. ან, თუნდაც, „ევროპულიც“ შეიძლება, ეწოდოს, ვინაიდან 2023 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დააინიცირა „მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებული ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ“. რატომ ვერ აღწევს საქართველოს მთავრობა ზუსტად იმავე მიზნებს? არის თუ არა გამჭვირვალობის ძიება დამოკიდებული ხელისუფლების იდეოლოგიასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე? საეჭვოა ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობა თითქოს ნერვებს უშლის დასავლეთის ქვეყნებში გავლენიანი ადამიანების სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც შედგება არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან“, – ვკითხულობთ სტატიაში.

სტატიის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მჭიდრო კავშირში არიან უცხოურ სახელმწიფო ან კერძო მოთამაშეებთან, უნდა დაექვემდებარონ საზოგადოების ზედამხედველობის მაღალ სტანდარტებს, ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას.

„კარგია თუ ცუდი, არასამთავრობო ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრულფასოვანი ნაწილი არიან ჩვენს დემოკრატიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. განსაკუთრებით, სწორედ იმ მიზეზით, თუ ისინი მჭიდრო კავშირში არიან უცხოურ სახელმწიფო ან კერძო მოთამაშეებთან, ისინი უნდა დაექვემდებარონ საზოგადოების ზედამხედველობის მაღალ სტანდარტებს, ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას. არიან თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციები პრივილეგირებულნი ერთგვარი პოლიტიკური თუ სამართლებრივი იმუნიტეტით, რაც ხელს უშლის ამ ორგანიზაციებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, უცხოური დაფინანსების გამოცხადებას ან დონორთა საჯაროდ გამოვლენას? რატომ უნდა მოითხოვონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამჭვირვალობის მაღალი დონე მთავრობებისგან, მაგრამ თავად განთავისუფლდნენ ამ პასუხისმგებლობისგან?

გავიხსენოთ კატარგეიტის ბოლოდროინდელი პრეცედენტი, მიმდინარე პოლიტიკური სკანდალი ევროპარლამენტში და დოლარის შედინება, რომელიც გადიოდა „არასამთავრობო ორგანიზაციის“ გავლით, რომელსაც სარკასტული სახელწოდება აქვს – „დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა“. ევროკავშირი ამ საკითხებზე განგაშის ზარს უნდა რეკდეს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, განაცხადონ მიღებული უცხოური ფინანსები, თუ ისინი წარმოადგენენ ბიუჯეტის 20%-ზე მეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული ჯარიმები ემუქრებათ. ვინმე სერიოზულად თვლის, რომ ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ევროპულ ღირებულებებს ან სხვა გაჟღერებულ გრანდიოზულ ლოზუნგებს ლახავს? არის თუ არა ეს იმის მიზეზი, რომ ერთხმად ეჭვქვეშ დააყენოს ვინმემ საქართველოს მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებული კანდიდატის სტატუსი და გაფართოების გზა გადააქციოს პოლიტიკურ შანტაჟად? ეს ერთხმად გაჟღერებული კონსენსუსი უფრო შემაშფოთებელია, რადგან ფარისევლობაა.

მაშინ, როცა ევროკავშირი ემუქრება საქართველოს, ის საეჭვოდ დუმდა, როდესაც სლოვენიის მთავრობა ტელევიზიებს არბევდა. ევროკავშირი ასევე დუმს, როდესაც ესპანეთის პრემიერი სასტიკ კამპანიას იწყებს სასამართლოს და პრესის წინააღმდეგ, რადგან მის მეუღლეს კორუფციაში დასდეს ბრალი. ისეთი ბუნდოვანი ცნებების ჩრდილში, როგორებიცაა „ევროპული ღირებულებები“, „დემოკრატიული პრინციპები“ ან „კანონის უზენაესობა“, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი, როგორც ჩანს, გულმოდგინედ ეკიდება სხვის ბრძოლას, ხოლო ცინიკურად უგულებელყოფს საკუთარს. ისინი თელავენ ძირითად დიპლომატიურ პრაქტიკას და ერევიან ეროვნულ პოლიტიკაში, როგორც ამას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გულმოდგინედ აკეთებდა, ადანაშაულებდა რა საქართველოს მთავრობას მათი მოქალაქეების „ევროპული ოცნების“ დაბლოკვაში“, – წერია სტატიაში.

ამასთან, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, არ შეიძლება უგულებელვყოთ, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე მეორედ მტკიცედ უარყო ეს კანონმდებლობა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო და მისი მიღება საკამათოა.

„მიუხედავად ამისა, საკმარისია თუ არა ეს, რათა ის გადაიქცეს ევროპულ პოლიტიკურ შანტაჟად და ბავშვურად ამოაფაროს საქმე პრო ან ანტირუსულ მანტრას? ცხადია, არა, რადგან, პირველ რიგში, ეს რჩება ეროვნულ პრობლემად. როგორც ევროპელი, ასევე საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ გამჭრიახობით, თავშეკავებით და ეროვნულ სუვერენიტეტის გრძნობით განმსჭვალულ ევროკავშირის ლიდერებს, ანუ იმ თვისებებით, რომელთაც ისინი [ევროკავშირის ლიდერები] დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.