ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ორდღიანი მინისტერიალის დაწყებამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრები ივლისის სამიტისთვის მოსაზმადებელად შეიკრიბნენ.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შეხვედრის მონაწილეები მიიღებენ გადაწყვეტილებას ნატო-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზების შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები ტრანსატლანტიკური სამეთაურო პუნქტის, ასევე ევროპის შიგნით სამხედროებისა და ტექნიკის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი სამეთაურო პუნქტის და კიბეროპერაციების ცენტრის შექმნაზე შეთანხმდებიან.
„ველოდები, რომ ჩვენ შევთანხმდებით ორ სამეთაურო პუნქტის განთავსებაზე – ერთი ატლანტიკური, ხოლო მეორე ევროპის შიგნით სამხედრო მობილობის მხარდასაჭერად, ასევე ახალი კიბეროპერაციების ცენტრის შექმნაზე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გარდა ამისა, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სამხედრო ხარჯებზეც ისაუბრებენ.
„ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენ გვჭირდება თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ინვესტიციები მთავარ შესაძლებლობებში და ძალები ნატო-ს მისიებისა და ოპერაციებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვჭირდება უფრო მეტი ფული, შესაძლებლობა და კონტრიბუცია. გასულ წელს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ ყოველწლიურად წარადგინონ ანგარიში, თუ როგორ აპირებენ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას. დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ რა პროგრესს მივაღწიეთ ამ მხრივ. ანგარიშები ადასტურებს, რომ ჩვენ არსებით პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მინისტერიალზე განხილული იქნება ასევე ნატო-ს როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მინისტრები ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის დაგეგმვის დაწყებაზე შეთანხმდებიან.
„ნატო-ს წვლილი შეაქვს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ გლობალურ კოალიციაში სადაზვერვო ფრენების განხორციელებით და ერაყის ძალების წვრთნით. კოალიციამ დიდ პროგრესს მიაღწია ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული თითქმის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებით. თუმცა „ისლამური სახელმწიფო“ მაინც რჩება საფრთხედ იმის მიუხედავად, რომ ის აღარ აკონტროლებს რამე ტერიტორიას. ამიტომ ერაყის ძალების წვრთნა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ერაყის მთავრობისა და გლობალური კოალიციის თხოვნის პასუხად, ველოდები, რომ ჩვენ შევთანმდებით ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისიის დაგეგმვის დაწყებაზე. ეს ჩვენი ძალების იქ ყოფნის უფრო მყარ საფუძველს შექმნის და დაეხმარება ერაყს და ჩვენ, გავხდეთ უფრო უსაფრთხო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის მინისრები მინისტერიალის ფარგლებში შეხვდებიან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ფედერიკა მოგერინის.