ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
29 ქვეყნის მთავარი დიპლომატები ორი დღის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა იქნება. შეხვედრაზე მოკავშირეები განიხილავენ ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერის გაზრდის შესაძლებლობებს.
ასევე, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს მონაწილეობას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. წინასწარი ცნობებით, ამ მოლაპარაკებებზე რექს ტილერსონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს.
დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვდრა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში ორი დღე გასტანს. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მოლაპარაკებების პირველი დღე ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობას დაეთმობა. მოკავშირეებს შეუერთდება ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი და ასევე ალიანსის არაწევრი ქვეყნების შვედეთისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„ჩვენი მიზანია, შეიარაღებული ძალების მობილობა იყოს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიზანი. არაპროგნოზირებად სამყაროში ჩვენი სამხედროებისა და აღჭურვილობის გადაადგილება და სახელმწიფო საზღვრის კვეთა უფრო სწრაფად უნდა მოხერხდეს“, – ამბობს იენს სტოლტენბერგი.
დღის მეორე ნახევარში დიპლომატები გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ, მათ შორის ჩრდილოეთ კორეიდან მომავალ საფრთხეზე იმსჯელებენ.
„გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ, ნათელია, რომ სამიზნე ნატო-ს ნებისმიერი წევრი შეიძლება გახდეს. ჩვენს პარტნიორებს რეგიონში საფრთხე ემუქრებათ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
მინისტერიალის მეორე დღეს სტუმრები ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე მოილაპარაკებენ. ამ კუთხით ალიანსი აპირებს, დაეხმაროს ტუნისსა და იორდანიას თავდაცვის გაძლიერებაში. ასევე, მოკავშირეები იმსჯელებენ, თუ რა როლს შეასრულებს ნატო ერაყში სამომავლოდ, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში „ისლამური სახელმწიფო“ საბოლოოდ დამარცხდება.
მინისტერიალის ბოლოს ნატო-ს გენერალური მდივანი მომავალი წლის ივლისში ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის ლოგოს წარადგენს.