ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება
ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. მსჯელობის მთავარი საგანი ხმელთაშუა ზღვის გავლით, ევროპაში ჩასული არალეგალი მიგრანტების პრობლემაა. ორგანიზაციის წევრები საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებასა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოების ფინანსური დახმარების გაზრდაზე უნდა შეთანხმდნენ.

მთავარი სადავო საკითხი თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებაა. ევროკავშირის წევრთა უმეტესობას რადიკალურად განსხვავებული მიდგომა აქვს. ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ევროკავშირის შიდა საზღვრებზე კონტროლის დაწესების მომხრეა, რაც “შენგენის ზონის” არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

ევროპელი ლიდერები ასევე განიხილავენ ევროკავშირის მოსაზღვრე ქვეყნებში მიგრანტების დროებითი განთავსების ცენტრების გახსნას. გეგმის მიხედვით, ამ ცენტრებში მიგრანტების იდენტიფიცირება და მათ მიერ შევსებული განაცხადების განხილვა უნდა მოხდეს. ჯერჯერობით არც ერთი სახელმწიფო ასეთი ცენტრების გახსნას არ თანხმდება.

არალეგალი მიგრანტების გარდა, ევროკავშირის ლიდერები ორდღიან სამიტზე, აშშ-ის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებსა და ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯებზე ისაუბრებენ. დისკუსიების კიდევ ერთი მთავარი თემა ივლისში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი და რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივება იქნება.

ევროპელი პოლიტიკოსები ორგანიზაციის მომდევნო შვიდი წლის ბიუჯეტს განიხილავენ და მოისმენენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გეგმას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის დღის წესრიგს ეხება. ბრიუსელში შეშფოთებული არიან, რომ “ბრექსიტისთვის” მზადება ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში ორ დღეს 28-29 ივნისს გაგრძელდება.