ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს
ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. თანამედროვე ხელოვნების ცენტრში „ბოზარი“ ჩვენებები 22-26 იანვარს გაიმართება.
ღონისძიება ფესტივალის „ხიდები. დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით“ (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS) ფარგლებში დაიგეგმა.
ქართული ფილმები ბრიუსელში შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი: 23 იანვარი – დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი“; 23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა, დავით ფირცხალავას „მამა“, დეა კულუმბეგაშვილის „ლეთა“, გიორგი სიხარულიძის „მამული“ და ამირან დოლიძის „ცხოველი“; 25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „გვირაბი“; 25 იანვარი – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“; 26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის „შინდისი“;
ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები ელენა მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.
საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები არიან კინემატოგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვასა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.