8-12 მაისს ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
8-12 მაისს ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

წელს პირველად ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი 8 მაისს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატურ თეატრში, ლეო გაბრიაძის ფილმის „ჰარი ჰარალე დედაო“ ჩვენებით გაიხსნება.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მიხელ კობახიძისა და ელდარ შენგელაიას ფილმების სპეციალური ჩვენებები. ფესტივალი 12 მაისამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი „ოქროს დინოზავრით“ დაჯილდოვდებიან. მომავალი წლიდან ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომაზე გაიმართება.

„ჩვენ მომსწრენი ვართ საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო კინოფესტივალის დაბადების. ეს არის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ქალაქ ქუთაისში. ქუთაისს ძალიან დიდი ისტორია აქვს ზოგადად ქართული კინოს განხრით, რადგან ძალინ ბევრი ფილმი შექმნილა აქ, ბევრი რეჟისორი მოღვაწეობდა ადრე, თუმცა შემდეგ იყო გარკვეული წყვეტა და ახლა, ამ ფესტივალით გვინდა, მაყურებელი დავაბრუნოთ კინოთეატრებში. საბედნიეროდ, ქუთაისს აქვს კინოთეატრი ოთხი დარბაზით, რაც იშვიათია საქართველოში, ჩვენებები გაიმართება ყველა რეგულაციის დაცვით, რომელსაც მოითხოვს დღევანდელი პანდემიური სიტუაცია. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვს საორგანიზაციო ჯგუფს, რამდენიმე ჟიური იმუშავებს“, – განაცხადა ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა გაგა ჩხეიძემ.

ქუთაისის კინოფესტივალის გენერალური დირექტორის ნინო მხეიძის თქმით, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი შარშან ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო.

„ფესტივალის კონკურსში ფილმების მიღება როდესაც გამოვაცხადეთ, 500-მდე ფილმი შემოვიდა. ორი საკონკურსო ჩვენება გვაქვს, ათი წუთიდან ნახევარ საათამდე ფილმების კონკურსში 15 ფილმი იღებს მონაწილეობას. თხუთმეტი ფილმიდან სამი არის ქართული, დანარჩენი არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ერთი წუთიდან ხუთ წუთამდე ფილმებში ოცდარვა ფილმი იღებს მონაწილეობას და სადაც უფრო მეტი შემოსულია ქართული ფილმი.

გვაქვს უჩვეულო პრიზი, ოქროს დინოზავრი, რაც ქუთაისს უკავშირდება – დინოზავრის ნაკვალევი. ეს პრიზები გაიცემა სხვადასხვა ნომინაციაში. ეს იქნება ყოველწლიური ფესტივალი, ოღონდ, გაიმართება შემოდგომაზე, პირველ-შვიდ ოქტომბერს. ყოველთვის ერთკვირიანი იქნება ფესტივალი. ახლა, მაისში ამ ფესტივალზე დასწრება იქნება უფასო, ჩატარდება, რა თქმა უნდა, რეგულაციების გათვალისწინებით“, – განაცხადა ნინო მხეიძემ.