ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში ევროპელი ლიდერები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული მიზნებით საბრძოლო პაუზების უზრუნველყოფის მოწოდებით გამოდიან
ბრიუსელის სამიტის დეკლარაციაში ევროპელი ლიდერები ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული მიზნებით საბრძოლო პაუზების უზრუნველყოფის მოწოდებით გამოდიან

ბრიუსელში გამართული სამიტის დეკლარაციაში ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერებმა გამოთქვეს „უმძიმესი შეშფოთება ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო“.

ევროპელმა ლიდერებმა მოუწოდეს „უწყვეტი, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და გაჭირვებულთათვის დახმარებისკენ ყველა საჭირო ღონისძიების მეშვეობით, მათ შორის ჰუმანიტარული დერეფნებისა და ჰუმანიტარული პაუზებისკენ“.

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ევროპული საბჭო „იმეორებს, რომ უმკაცრესად გმობს „ჰამასის“ სასტიკ და განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის მასშტაბით“.

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „„ჰამასის“ მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეა“.

როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ევროკავშირი უზრუნველყოფს, „რომ ასეთი დახმარება არ იყოს ბოროტად გამოყენებული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ“.

ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ ორგანიზაცია მზად არის, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესის აღორძინებას ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტის საფუძველზე.

„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაცვის მნიშვნელობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. ევროპულმა საბჭომ განიხილა არსებული მდგომარეობა და შემდგომი ქმედებათა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის, ევროკავშირის მოქალაქეების დასახმარებლად ერთობლივი ძალისხმევა.

ევროკავშირი მჭიდროდ იმუშავებს რეგიონის პარტნიორებთან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, საკვების, წყლის, სამედიცინო დახმარების, საწვავისა და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის მიზნით, რათა უზრუნველყოს, რომ ასეთი დახმარება არ იქნება ბოროტად გამოყენებული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების აუცილებლობა და ამ კუთხით პარტნიორებთან ურთიერთობის აუცილებლობა, მათ შორის, პალესტინის ხელისუფლებასთან.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს დეზინფორმაციისა და უკანონო შინაარსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობას და პლატფორმების სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ კონტექსტში.