ბრიუსელის აეროპორტში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი გაანეიტრალეს
ბრიუსელის აეროპორტში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი გააუვნებელყვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა აეროპორტის სატვირთო ზონაში სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ბომბის პოვნის შემდეგ ადგილზე ყველა სამუშაო შეჩერდა, გარშემო 100 მეტრის რადიუსში ტერიტორია გადაიკეტა. აეროპორტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ბომბი გვიან ღამით გართულების გარეშე, უსაფრთხოდ გაანეიტრალეს. ინციდენტის გამო, ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე სატვირთო რეისი შეფერხებით შესრულდა.