ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ საქართველო 2019 წელს დასვენებისთვის 10 საუკეთესო ადგილს შორის დაასახელა
ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ საქართველო 2019 წელს დასვენებისთვის 10 საუკეთესო ადგილს შორის დაასახელა.
სტატიაში სათაურით „10 საუკეთესო ადგილი დასასვენებლად 2019 წელს, რომელიც თქვენს მეგობრებს გააოცებს“ საქართველო მეოთხე ადგილზეა დასახელებული.
„ამოუხსნელია, რატომ არ სტუმრობს უფრო მეტი ადამიანი საქართველოს, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს წარმოადგენს. ცაში აწვდენილი მთებით, მონასტრების ნანგრევებით, მასპინძლობით ცნობილი ადგილობრივი მცხოვრებლებით დალოცვილი, ღვინის სამშობლოდ მიჩნეული ქვეყანა სიხარულის მომტანია მათთვის, ვისაც ტურისტული გზიდან გადახვევა სურს.
გაითვალისწინეთ, მოგზაურები ეჩვევიან მას. გასულ წელს საქართველომ ყველაზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა (რვა მილიონზე მეტს) და მთელ ქვეყანაში საოჯახო ტიპის სასტუმროები ჩნდება. ახალი ავიარეისები ლუტონიდან ქუთაისში სავარაუდოდ უფრო მეტ მოგზაურს მოიზიდავს 2019 წელს, რაც ნიშნავს, რომ ეს დათოვლილი მწვერვალები, ვენახებით მოქარგული ველები და ლამაზი ქალაქები დიდხანს არ დარჩება ცარიელი“, – ნათქვამია სტატიაში.
2019 წელს დასასვენებლად საუკეთესო ადგილებს შორის გამოცემა „ტელეგრაფი“ ასევე ასახელებს უზბეკეთს, ერითრეას, აშშ-ის ქალაქ პიტსბურგს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივს, ფარერის კუნძულებს, ლიხტენშტაინს, უკრაინას, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკასა და პორტუგალიის აზორის კუნძულებს.