ბრიტანული პრესა - მერკელის ეპოქის დასასრული, როგორც ევროპის სტაბილურობის საფრთხე
ბრიტანეთის თითქმის ყველა წამყვანმა გაზეთმა სარედაქციო სტატია გერმანიაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას მიუძღვნა.
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მოულოდნელად გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მმართველი კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. „ცუდი ამბები ევროპისთვის“, – წერს Times.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მერკელის მხარდაჭერის გარეშე, არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვების შემდეგ გაჩენილი საფრანგეთ-გერმანიის ახალი დინამიური ღერძის იმედები ჩამოიშლება. Times ევროპას მოწყენილ ფერებში ხატავს: შიდა პრობლემებში გახვეული ბრიტანეთი, ესპანეთი და იტალია, ევროსკეპტიკოსთა რიგებში ერთმანეთის მიყოლებით ჩაბმული ცენტრალური ევროპის ქვეყნები.
„მერკელი წარსულში დაშვებული შეცდომების მძევალი გახდა და აღარ არის საერთო ევროპული ლიდერი. პოლიტიკოსს, რომელსაც ერთ დროს „ევროპის დედოფალს“ უწოდებდნენ, ახლა ძალიან ახლოსაა, რომ საერთოდ უარი უთხრან“, – წერს Times.
Daily Telegraph-მა გერმანიის კრიზისს უწოდა „მერკელის, როგორც ევროპის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსის სტატუსზე დარტყმა“. გაზეთი წერს, რომ კანცლერსაც კი არ ეყო იმუნიტეტი წინ აღდგომოდა „ცვლილებების პოლიტიკურ ქარს, რომელიც კონტინენტზე ქრის“. „ბრიტანელებმა იმედები გონიერ მერკელს დაუკავშირეს და ევროკავშირიდან ორმხრივ სარგებელზე აგებულ გამოყოფაზე ამყარებენ იმედს და არა „ბრიუსელის ბიუროკრატების“ მაქინაციებზე, თუმცა მერკელს ახლა საკუთარი საფიქრალიც საკმარისი აქვს“, – წერს Daily Telegraph.
Financial Times ხაზს უსვამს ბრიტანელი პოლიტიკოსების იმედებს, რომ გონიერი გერმანიის კანცლერი ევროკავშირთან ურთიერთობის განმარტებას შეამსუბუქებდა და პროცესს უფრო გაამარტივებდა, თუმცა გაზეთი წერს, რომ მათი მოლოდინები სავარაუდოდ, საფუძველს მოკლებულია.
„ანგელა მერკელის ავტორიტეტმა კოჭლობა დაიწყო და ეს საფრთხეს უქმნის სამომავლო ვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – ნათქვამია სტატიაში.
გაზეთში აღნიშნულია, რომ ცენტრისტული ძალების კონსენსუსის მრავალწლიანმა სურვილმა, გერმანიის პოლიტიკური ველის ფრაგმენტაცია გამოიწვია და უდიდესი პარტიების პოზიციები დაასუსტა. „კანცლერის მომავალიც ეჭვის ქვეშაა, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ადრეა მისი დაცემის პროგნოზირება“, – წერს გამოცემა.