ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია „ბიბისის“ კორესპონდენტის მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებს
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ენფილდში მამაკაცმა არბალეტის გამოყენებით სამი ქალი მოკლა.
გავრცელებული ცნობით, მოკლულია ტელეკომპანია „ბიბისის“ ჟურნალისტის, ჯონ ჰანთის მეუღლე და ორი ქალიშვილი. პოლიციამ 25, 28 და 31 წლის ქალების ცხედრები სახლში იპოვა.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი 26 წლის კაილი კლიფორდია. სამართალდამცველები მის ძებნას ამ დრომდე განაგრძობენ.
სამართალდამცავ უწყებაში მომხდარს „საზარელი“ ფაქტი უწოდეს და განაცხადეს, რომ ბოროტმოქმედმა, არბალეტის გარდა, სხვა იარაღიც გამოიყენა.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არბალეტის შეძენა-შენახვის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას განიხილავს.
„ბიბისის“ ცნობით, ბოლო ათ წელიწადში დიდ ბრიტანეთში არბალეტი მკვლელობის იარაღად ათჯერ იყო გამოყენებული.
მედიის ცნობით, უკანასკნელი გახმაურებული დანაშაული 2018 წელს მოხდა, როდესაც 35 წლის რვა თვის ფეხმძიმე ქალი ყოფილმა მეუღლემ არბალეტის გამოყენებით მოკლა.