ბრიტანული მედია - საქართველო ბრიტანელი მოგზაურებისთვის უსაფრთხო დასვენების ადგილად განიხილება
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს, – ამის შესახებ საუბარია ბრიტანულ გამოცემა „ექსპრესში“ (express.co.uk) გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.
„ესპანეთსა და საფრანგეთში განაცხადეს, რომ მომავალ წელს გაერთიანებული სამეფოდან მოგზაურების ხილვა სურთ, ხოლო ბორის ჯონსონი, უსაფრთხო ქვეყნებში ბრიტანელთა დასვენების მიზნით, „საჰაერო ხიდის“ იდეას განიხილავს. ამგვარ ქვეყანათა რიცხვში ახლახან საქართველოც მოხვდა, რომელსაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების მინიმალური მაჩვენებლები გააჩნია და იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს ტურიზმის კაპიტალიზაციას მოახერხებს“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღება პირველი ივლისიდან დაიწყება.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომლის ქვეყანა ტურიზმზე კაპიტალიზაციას იმედოვნებს, აცხადებს, რომ „საჰაერო ხიდები“ უნდა გაიდოს უსაფრთხო ქვეყნებთან, სადაც ინფიცირების უმნიშვნელო მაჩვენებელი ფიქსირდება. მის ქვეყანაში 12 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 700-ს ასცდა, ამჟამად კი ვირუსისგან თავისუფალია“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 2019 წელს 9.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. შედეგად, საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ დანიშნულებად იქცა.
„ადგილობრივი და საერთაშორისო დამსვენებლებისთვის ქვეყანაში უსაფრთხო პირობების შექმნა ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში მთავრობის წარმატებული ძალისხმევის უახლეს ეტაპზე მოიაზრება. ბატონი გახარია ასევე აცხადებს, რომ „საქართველო საერთაშორისოდ არის აღიარებული ახალი კორონავირუსის პანდემიისადმი ჩვენი ქმედითი რეაგირების გამო. მსოფლიომ შეიძლება, საქართველოს შესაძლებლობების ირწმუნოს, რადგან საერთაშორისო მოგზაურთათვის და სტრესის გარეშე დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე დახვდებათ ჩვენთან. მთავრობა გააგრძელებს ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას, რათა ზრუნვის უმაღლესი სტანდარტი შენარჩუნდეს და იმავდროულად, ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილები დაცული იყოს“, – ციტირებს გამოცემა გიორგი გახარიას განცხადებას.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებას. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, „სიხარულით მივიღებთ კვლავ ბრიტანელ ტურისტებს, რათა საქართველოსა და შავი ზღვის სილამაზე იხილონ, უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში დაისვენონ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციამ მთავრობასთან ერთად შეიმუშავა დარგის ამუშავების სამეტაპიანი გეგმა. მთავარი აქცენტი კეთდება საერთაშორისოდ აღიარებული ჯანდაცვის რეგულაციების დაკმაყოფილების გზით უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, რაც სავალდებულოდ აღსასრულებელი იქნება დარგში მომუშავე ყველა სუბიექტისთვის (დაბინავების ობიექტები, რესტორნები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და ტურისტული ტრანსპორტი). საერთაშორისო მითითებები დაინერგება ყველა აეროპორტსა და სახმელეთო საზღვარზე, რათა მაქსიმალური უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი ყველა საერთაშორისო მოგზაურისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„ამ პროცესის შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებთან „უსაფრთხო კორიდორების“ შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გასაფორმებლად და დადებითი შედეგების უზრუნველსაყოფად. პროცესში ჩართულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ბაზარზე დაბრუნების სურვილი გამოხატა“, – ნათქვამია სტატიაში.