ბრიტანული მედია - ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა
ბრიტანული მედია - ილონ მასკი „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე პუტინს ესაუბრა

„გარდიანის“ ცნობით, „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.

როგორც პოლიტოლოგი და „ევრაზია გრუფის“ დამფუძნებელი იან ბრემერი „ევრაზია გრუფის“ გამომწერებთან გაგზავნილ წერილში წერს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უთხრა მას, რომ პუტინმა საუბარში „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა“ დაადასტურა, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ ყირიმი დარჩება რუსეთის ტერიტორიად და უკრაინა აღიარებს ​ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ​ანექსიას. იან ბრემერის ინფორმაციით, პუტინმა ​მასკს უთხრა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები ყველაფრის მიუხედავად იქნება მიღწეული, მათ შორის პოტენციური ბირთვული იარაღის გამოყენება, თუ უკრაინა შეიჭრება ყირიმში. მასკის პასუხი კი ასეთი იყო: „მოვლენების ამ სცენარით განვითარება ყველა შესაძლო გზით თავიდან უნდა იყოს აცილებული“.

ამასთან ერთად, ბრემერის ინფორმაციით, ილონ მასკმა თქვა, რომ უარი განაცხადა, დაეკმაყოფილებინა უკრაინელთა მოთხოვნა ყირიმში „სტარლინკის“ ტექნოლოგიით თანამგზავრული ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფის შესახებ.

შეგახსენებთ, ილონ მასკმა გასულ კვირას „ტვიტერით“ გაავრცელა „უკრაინის სამშვიდობო გეგმა“, რაც მოიცავდა ხერსონში, ზაპოროჟიეში, ლუგანსკსა და დონეცკში გაერო-ს ზედამხედველობით რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას, ასევე ყირიმის რუსეთის ნაწილად დატოვებას და უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

ილონ მასკის გეგმა უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო მოსკოვი მიესალმა. საპასუხოდ, მასკმა დაწერა, რომ ის კვლავ „პროუკრაინელია, მაგრამ ცდილობს, ბირთვული ომი თავიდან აიცილოს“.

ამავე თემაზე კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფიც“ წერს.