ბრიტანეთში უნივერსიტეტების ხელმძღვანელები უცხოელი სტუდენტებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვენ
დიდ ბრიტანეთში უნივერსიტეტების ხელმძღვანელები მთავრობას უცხოელი სტუდენტებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მოუწოდებენ. როგორც BBC წერს, ისინი ხელისუფლებას თხოვენ, შეცვალოს ქვეყნის სავიზო სისტემა, რათა უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში დარჩენისა და მუშაობის უფლება ჰქონდეთ.
ბრიტანული უნივერსიტეტების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, უცხოელი სტუდენტები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში 26 მილიარდი ფუნტი შეაქვთ, სასწავლებლის არჩევისას უპირატესობას მიანიჭეებენ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არის აშშ, კანადა და ავსტრალია.
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ავსტრალიამ დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და უცხოელი სტუდენტების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლის მიხედვით, პირველ ადგილს აშშ იკავებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ, ავსტრალია და კანადა უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში მუშაობის უფლებას აძლევენ. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, უცხოელ სტუდენტებს დიდ ბრიტანეთშიც შეუძლიათ დარჩენა, თუმცა ამასთან დაკავშირებით შეზღუდვები არსებობს, კერძოდ, შეზღუდულია სამუშაოს დაწყებამდე ვადა, მინიმალური სამუშაო ანაზღაურება და ა. შ.
ბრიტანული უნივერსიტეტების ხელმძღვანელები სწორედ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.