ბრიტანეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარებისა და კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება უქმდება
ბრიტანეთში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარებისა და კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება უქმდება

ბრიტანეთში კოვიდრეგულაციების ნაწილი უქმდება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, 27 იანვრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში მისი გამოყენება კვლავ აუცილებელია.

ამასთან, ხელისუფლება რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, კვლავ ატარონ ნიღაბი დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებში. ხუთშაბათიდან, 20 იანვრიდან, საკლასო ოთახში მოსწავლეებს ნიღბის ტარება აღარ მოუწევთ.

ასევე, დღეიდან უქმდება დისტანციურად, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ხელისუფლება ე.წ. სათადარიგო გეგმა B-დან, კვლავ ძირითად გეგმა A-ს უბრუნდება, რაც მოსახლეობის მიერ ბუსტერდოზების მიღებითა და სათადარიგო გეგმის სათანადოდ დაცვით არის განპირობებული.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ღამის კლუბებსა და ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე კოვიდპასპორტების წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, ორგანიზაციებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ მათი წარდგენა.

პრემიერი ასევე აანონსებს მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციების განახლებას, რომლის შესახებაც დეტალები მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.​

ასევე გამოქვეყნდება ინფორმაცია ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციართა მონახულების წესებთან დაკავშირებით.

ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 77 პროცენტი და ბუსტერდოზით აცრილია 54.3 პროცენტი. ამასთან, სრულად, ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 71 პროცენტი.