დიდ ბრიტანეთში ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ყრილობაზე პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა.
მისი თქმით, ლეიბორისტები გააპროტესტებენ „ბრექსიტის“ ნებისმიერ გეგმას, რომელზეც ტერეზა მეი ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწევს. ამასთან, ლეიბორისტები მზად არიან, მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები, თუ გეგმის რეალიზაცია ვერ მოხერხდება.
ბრიტანული მედია წერს, რომ ტერეზა მეის შტაბში უკვე მიმდინარეობს საიდუმლო სამზადისი ვადამდელი არჩევნებისთვის.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ევროკავშირმა გაერთიანებული სამეფოს ორგანიზაციიდან გასვლის პირობებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, „ბრექსიტის“ ახალი გეგმის შემუშავებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს.