ბრიტანეთში გამონაბოლქვის გამყალბებელი მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში, მძღოლებს დააჯარიმებენ
დიდი ბრიტანეთი სატვირთო ავტომობილებს გამონაბოლქვის გაყალბების შემთხვევაში, სოლიდური თანხით დააჯარიმებს ან სხვა სანქციას დააკისრებს. ზოგ შემთხვევაში მძღოლს ავტომობილის გაჩერებასაც მოსთხოვენ. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC-ი გაერთიანებული სამეფოს მძღლებისა და ავტომობილების სტანდარტების სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო სატვირთო ავტომობილების შემოწმებას იწყებს, რათა გაარკვიოს, ხომ არ არის დამონტაჟებული ავტომობილში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის მაჩვენებლის გამყალბებელი მოწყობილობა. როგორც ირკვევა, სატვირთოს მძღოლებმა გამონაბოლქვის გაყალბების მრავალი ხერხი იციან, რადგან ხელსაწყოების მეშვეობით, მძღოლები სატვირთოს საოპერაციო ხარჯების შემცირებას ახერხებენ.
მაგრამ ამის შედეგად ყალბდება ატმოსფეროში გამონაბოლქვის მაჩვენებელიც. ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, რომ გაყალბების შედეგად გარემოში ჭარბი ნახშირორჟანგი ხვდება, რაც ძალიან სერიოზული დარღვევაა, რადგან უამრავ დაავადებას იწვევს.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2016 წელს გარემოს დაბინძურების მიზეზით 4.2 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. პლანეტის მოსახლეობის 91 პროცენტი კი ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების ზღვარი აჭარბებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ ლიმიტს.
თუ ბრიტანეთში სატვირთოს მძღოლს გამონაბოლქვის გამყალბებელ მოწყობილობას აღმოუჩენენ, ის იძულებული იქნება 10 დღით გააჩეროს სატვირთო, ან ყალბი სისტემა გაასწოროს. თუ მძღოლი ისევ გააგრძელებს გაყალბებას, მაშინ მას 300 გირვანქა ფუნტით დააჯარიმებენ, ან მის ავტომობილს მოძრაობის უფლებას აღარ მისცემენ. გარკვეულ შემთხვევებში, დამატებითი გამოძიების შემდეგ, დასაშვებია ლიცენზიის ჩამორთმევაც.
„ჩვენი პრიორიტეტია დავიცვათ საზოგადოება სახიფათო მძღოლებისა და ავტომობილებისგან. სატვირთო არ უნდა იყოს საფრთხის შემცველი – ნებისმიერი მძღოლი და ოპერატორი, რომელიც გამონაბოლქვის სტანდარტების გვერდის ავლის მიზნით, გასაყალბებელ მოწყობილობას იყენებს, მთელი ერის ჯანმრთელობას აყენებს რისკის ქვეშ“,- განმარტა გაერთიანებული სამეფოს მძღოლებისა და ავტომობილების სტანდარტების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გარეტ ლეველინმა.