დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ მინისტრმა, დევიდ დევისმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის ოფიციალური თხოვნით უკვე მიმართა.
დევისის წერილში განმარტებულია, რომ თანამდებობის დატოვების მიზეზი მასსა და ტერეზა მეის შორის არსებული უთანხმოებაა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის სტრატეგიაზე მოლაპარაკებების დროს წარმოიშვა.
„როგორც იცით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ჩემი და დაუნინგ სტრიტის პოლიტიკური კურსი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ყოველ ეტაპზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას მე ვიღებდი, რადგან ჩემი სამუშაოს ნაწილი სწორედ კომპრომისებს შეიცავს. ასევე, ვთვლიდი, რომ რეფერენდუმის მანდატის რეალიზება შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, ახლა მგონია, რომ ამ დროისთვის არსებული კურსი და ტაქტიკა ამას ნაკლებად შესაძლებლად ხდის“, – აღნიშნულია დევიდ დევისის წერილში.
ბრიტანული ბეჭდური მედია წერს, რომ მოლაპარაკებებიდან ორი დღის შემდეგ დევიდ დევისის თანამდებობიდან გადადგომა ტერეზა მეისთვის სერიოზული პოლიტიკური დარტყმა იქნება, რადგან ეს „ბრექსიტთან“ დაკავშირებით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას კიდევ უფრო გააღრმავებს.