ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მსო-ს „ბრექსითის” შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელებაზე ოფიციალურად მიმართეს
გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას „ბრექსითის” შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების საკითხზე ოფიციალურად მიმართეს. დღემდე გაერთიანებულ სამეფოს მსო-ში ევროკავშირი წარმოადგენდა.
ალიანსიდან გამოყოფის შემდეგ ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში, დიდი ბრიტანეთის უფლებები და ვალდებულებები ევროკავშირისგან უნდა გაიმიჯნოს. 164 წევრისგან შემდგარმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ ქვეყნებს ორი კონფიდენციალური შეთანხმების პროექტი გააცნო.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ წარდგენილი დოკუმენტი, რომელსაც „გრაფიკს” უწოდებენ, 719 გვერდს მოიცავს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრებს დოკუმენტის შესასწავლად და განსახილველად სამი თვის ვადა ექნებათ. მხარდაჭერის შემთხვევაში მას დაამტკიცებენ.
თუმცა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შვიდმა მომწოდებელმა, მათ შორის აშშ-მ, კანადამ და ავსტრალიამ უკვე განაცხადეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ევროკავშირისგან დიდი ბრიტანეთის გამოყოფის ამ პირობებს არ დაეთანხმებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ლონდონი ექსპორტში ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროკავშირს შორის მოქნილობას დაკარგავს. ბრიტანელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ ფორმით აღნიშნული ქვეყნები ცდილობენ აიძულონ გაერთიანებული სამეფო უფრო დეტალურად აწარმოოს მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებზე.