ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიას მომავალ წელს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება აუკრძალა
ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შოტლანდიას მომავალ წელს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შოტლანდიის პარლამენტს რეფერენდუმის ჩატარების კანონიერი უფლებამოსილება არ აქვს. ამ საქმეზე არგუმენტები ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ მოისმინა.
ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია იყო, რომ მხოლოდ ვესტმინსტერს შეეძლო დამოუკიდებლობის თაობაზე ახალი რეფერენდუმისთვის მწვანე შუქის ანთება, რადგან საკონსტიტუციო საკითხები რჩება ლონდონის მთავრობის უფლებამოსილებაში და არ არის გადაცემული ედინბურგისთვის.
იმავდროულად, შოტლანდიის მთავრობის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ შემოთავაზებული რეფერენდუმი, ისევე როგორც 2016 წლის ბრექსიტის თაობაზე რეფერენდუმი, მხოლოდ საკონსულტაციო იქნება და თავისთავად არ ნიშნავს შოტლანდიის დამოუკიდებლობას, რადგანაც საჭირო იქნება მოლაპარაკებები და ახალი კანონების მიღება.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა თქვა, რომ გადაწყვეტილებამ წარმოშვა არასასიამოვნო კითხვები დიდი ბრიტანეთის საფუძველსა და მომავალთან დაკავშირებით და „შეარყია“ გაგება, რომ კავშირი ნებაყოფლობითი იყო.