ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - ჩვენს მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ
ოფიციალური ლონდონი „ნოვიჩოკით“ მოწამვლის შედეგად გარდაცვლილი ქალის მკვლელობაში კვლავ რუსეთს ადანაშაულებს. გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა განაცხადა, რომ რუსეთმა მათი ქვეყნის მიწაზე თავდასხმა განახორციელა, შედეგად კი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დაიღუპა. მინისტრის თქმით, ბრიტანეთის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში „ნოვიჩოკის“ საქმეზე ისაუბრა ტერეზა მეიმაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულის ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის პოლიცია საქმის დეტალურად შესწავლისთვის ყველაფერს აკეთებს.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში ორ ადამიანი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ 4 ივლისს მოიწამლა. კვირას, საღამოს საათებში ერთ-ერთი მათგანი, 44 წლის დონ სტერჯენსი დაიღუპა. მეორე მოწამლული, 45 წლის ჩარდი როული კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებას პოლიციის კონტრტერორისტული სამმართველო ატარებს.
რამდენიმე თვის წინ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ნოვიჩოკით მოწამლეს რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. ოფიციალური ლონდონი მას შემდეგ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. მოსკოვი ბრალდებას ამ დრომდე კატეგორიულად უარყოფს.