ბრიტანეთის შსს - ქვეყანაში ტერაქტების საფრთხე კიდევ ორი წელი შენარჩუნდება
დიდ ბრიტანეთში ტერაქტების საფრთხე კიდევ ორი წელი შენარჩუნდება. გაფრთხილებას გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რადიკალი ისლამისტების მხრიდან თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია და ასე კიდევ ორი წელი მაინც გაგრძელდება.
„ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსალოდნელია ულტრამემარჯვენეების გააქტიურებაც. დიდი ბრიტანეთის შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის მარტიდან ქვეყანაში ულტრამემარჯვენეების მიერ დაგეგმილი ოთხი და ისლამისტების მიერ ორგანიზებული 12 ტერაქტის აღკვეთა მოხერხდა. ბრიტანელი სამართალდამცველები დაახლოებით 3000 პირს მეთვალყურეობენ, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ ტერაქტების მოწყობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება, ლონდონის ხიდზე მომხდარი თავდასხმიდან ერთი წლის თავზე გამოაქვეყნა. 2017 წლის 3 ივნისს სამი ექსტრემისტი ავტომობილით დაეჯახა გამვლელებს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაესხნენ თავს მოქალაქეებს. მომხდარის შედეგად, სულ ცხრა ადამიანი დაიღუპა.