ჯეიმს კლევერლი - მზად ვართ, დავეხმაროთ საფრანგეთში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილთა ოჯახის წევრებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს ამ საშინელ დროს
დიდი ბრიტანეთი მზადაა, დაეხმაროს საფრანგეთში დაჭრილთა ოჯახის წევრებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენი ფიქრები ახლა მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. მზად ვართ, დავეხმაროთ საფრანგეთის ხელისუფლებას, რითიც შეგვიძლია. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაშავებული ბავშვი ბრიტანეთის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილას ჩვენ უკვე გავგზავნეთ ბრიტანეთის საკონსულოს ოფიციალური პირები, რათა ხელმისაწვდომები იყვნენ ოჯახის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს ამ საშინელ დროს“, – განაცხადა კლევერლიმ.
საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ექვსი პირი დაშავდა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამი დაშავებული ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.