ბრიტანეთის მთავრობამ მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად წესების ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა ქვეყანაში ცხოვრების ძირითადი ვადა ხუთიდან ათ წლამდე გაიზრდება
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიგრანტებისთვის მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად წესების ნაწილი შეამსუბუქა, თუმცა ქვეყანაში საცხოვრებელი ძირითადი ვადა მაინც გაიზრდება და, ხუთი წლის ნაცვლად, ათი წელი იქნება.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, დაბალშემოსავლიან მიგრანტებს მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად, ხუთის ნაცვლად, ათი წელი მოუწევთ ქვეყანაში ცხოვრება. მოვლის სფეროში დასაქმებული მუშაკებისთვის, რომლებიც უკვე ბრიტანეთში არიან, ვადა ხუთი წელი დარჩება.
მთავარი ცვლილება ისაა, რომ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებსა და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ბრიტანულმა ორგანიზაციებმა 2020 წლის შემდეგ აიყვანეს, უფრო ლოიალურად მოეპყრობიან.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ მუდმივი ბინადრობა ღირებული უფლებაა და ის უნდა დაიმსახურო. მისივე თქმით, ვინც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს, ბინადრობას ყველაზე სწრაფად მიიღებს, ხოლო ვინც წესებს არ დაიცავს, უარს მიიღებს ან უფლებას დიდხანს დაელოდება.
ამასთან, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბრიტანელების ნაწილი ვადის გაზრდას უჭერს მხარს. რესპონდენტების 47 პროცენტი ვადის გაზრდას ემხრობა, 35 პროცენტი კი — წინააღმდეგია.