ბრიტანეთის მთავრობა საჯარო მოხელეებს მიმართავს, ტერმინი ბრექსიტი არ გამოიყენონ
ბრიტანეთის მთავრობა საჯარო მოხელეებს სთხოვს, ტერმინი ბრექსიტი არ გამოიყენონ. ახალი რეგულაციით, ბრიტანელმა საჯარო მოხელეებმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე საუბრისას ბრექსიტის ნაცვლად „2020 წლის 31 დეკემბერი“ უნდა ახსენონ.
ბრიტანეთის მთავრობა თანამშრომლებს ურჩევს, თავი აარიდონ სიტყვას „ბრექსიტი“ და მხოლოდ მაშინ იქნას ნახსენები, როდესაც ეს საჭიროა „ისტორიული კონტექსტისთვის“.
ბრიტანეთის მთავრობის თანამშრომლებს ასევე უთხრეს, რომ თავი აარიდონ ტერმინს „გარდამავალი პერიოდი“, რომელიც ეხება იმ თვეებს, როდესაც გაერთიანებული სამეფო და ბრიუსელი თავიანთი სამომავლო ურთიერთობის პირობებს ადგენდნენ.
„გარდამავალი პერიოდის“ ნაცვლად, ბრიტანელ საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, გამოიყენენ ფრაზა „2020 წლის 31 დეკემბრამდე“.
ბრიტანული მედია წერს, რომ მთავრობის მითითებებს, სავარაუდოდ, მოჰყვება რეაქცია ევროკავშირიდან გასვლის მომხრე კონსერვატორი დეპუტატების მხრიდან. ახალი მითითებები იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ჩრდილოეთ ირლანდიის სასაზღვრო დავასთან დაკავშირებით დაძაბულობა გაიზარდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები მომავალ თვეში განახლდება.