ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის გამო დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად 330 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად 330 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ფინანსთა მდივანმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
აღნიშნულ თანხას „ბიბისი“ უპრეცედენტოს უწოდებს. ის დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-სა და ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს.
სუნაკის თქმით, ასეთი მასშტაბის თანხა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი იყო, თუმცა კორონავირუსი – ეს არის საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ეკონომიკისთვის, ამიტომ მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მცირე და მსხვილს ბიზნესს. რიში სუნაკის თქმით, თუ ეს თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება, შესაძლებელი იქნება დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა.
მთავრობა მზად არის, დაეხმაროს ავიაკომპანიებსა და აერპორტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კარანტინის გამოცხადებისა და საზღვრების დაკეტვის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ასევე, დაეხმარება მცირე ბიზნესს, როგორიცაა პაბები, კლუბები, თეატრები.
ამას გარდა, დაგეგმილია ბიზნესისთვის საგადასახადო და საკრედიტო შეღავათები.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ, რაც საჭიროა ეკონომიკის მხარდასაჭერად. მხარს დავუჭერთ სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს, ბიზნესს“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.