ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მეთ ჰენკოკის გადადგომის მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელთან გადაღებული ფოტო გახდა, რომელიც გამომცემლობა The Sun-ში გამოქვეყნდა. ფოტოზე ჯანდაცვის მინისტრისა და ჯინა კოლადანჯელოს კოცნაა ასახული. მინისტრს სოციალური დისტანციის დარღვევაში დასდეს ბრალი.

გამომცემლობის ცნობით, ფოტო მაშინ არის გადაღებული, როდესაც ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა.

მოგვიანებით, მეთ ჰენკოკმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა მითითებების დარღვევის გამო. მან ასევე საკუთარ ოჯახის წევრებს და ახლობლებსაც მოუბოდიშა მომხდარის გამო.

მეთ ჰენკოკის გადადგომას ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მან სამინისტრო თავაწეულმა უნდა დატოვოს, არამარტო პანდემიასთან ბრძოლის გამო, არამედ პანდემიამდე განხორციელებული საქმიანობისთვისაც.