ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დამატებით სამხედრო ძალას აგზავნის ბახმუტში, რათა ქალაქი საბოლოოდ დაიკავოს და ომში გარკვეული წარმატების შესახებ განაცხადოს
ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი დამატებით სამხედრო ძალას აგზავნის ბახმუტში, რათა ქალაქი საბოლოოდ დაიკავოს და ომში გარკვეული წარმატების შესახებ განაცხადოს

რუსეთი დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის ბახმუტში, რათა ქალაქი საბოლოოდ დაიკავოს და ომში გარკვეული წარმატების შესახებ განაცხადოს, – ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ბახმუტის გასამაგრებლად, სავარაუდოდ, რამდენიმე დამატებითი ბატალიონი განალაგა მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა მიიღეს ტაქტიკური უპირატესობა ქალაქის ფლანგებზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს შედარებით მცირე რაოდენობის ქვედანაყოფებს უკრაინაში, რომლებიც არ არიან ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, ასეთი გადანაწილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსული სარდლობის მხრიდან“, – აღნიშნავენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

როგორც დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განიხილავს ბახმუტის დაკავებას საკვანძო სამხედრო მიზნად მოკლევადიან პერსპექტივაში, რაც საშუალებას მისცემს მას, „გამოაცხადოს გარკვეული წარმატება“ ომში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის მე-15 თვეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ძალები შეძლებენ თავიანთი მოქმედებების ეფექტურად გაკონტროლებას მთელი ფრონტის ხაზზე.