ბრიტანეთი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას აღარ გამოიყენებს
გაერთიანებული სამეფო „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის მთავრობის მიერ შექმნილ აპლიკაციას აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ ინგლისის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა ბრიფინგისას განაცხადა.
აპლიკაციას, რომელზეც დიდმა ბრიტანეთმა სამი თვე და მილიონობით ფუნტი დახარჯა, ამერიკული კომპანიების „გუგლისა“ და „ეფლის“ ვერსია შეცვლის, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომისთვის იქნება მზად.
გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მთავრობის მიერ შეთავაზებულმა მოდელმა ვერ იმუშავა, რადგან აპლიკაცია შემოწმებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არ იყო. ცენტრალიზებული აპლიკაცია ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის საინფორმაციო ბაზაში იმ პირების ინფორმაციის შენახვას ითვალისწინებდა, რომლებიც „კოვიდ-19“-ის სიმპტომებს უჩიოდნენ. მთავრობის მიერ შექმნილი აპლიკაცია „ეფლის“ და „გუგლის“ მიერ დამტკიცებული არ ყოფილა, რის გამოც აპლიკაციამ მობილური ტელეფონების დიდ ნაწილში ვერ იმუშავა.