„ბრექსიტამდე“ ზუსტად ერთი წელი დარჩა. დიდ ბრიტანეთში 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, მოსახლეობის 51,9-მა პროცენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას დაუჭირა მხარი, 48,1 პროცენტმა კი ხმა „ბრექსიტის“ წინააღმდეგ მისცა.
მას შემდეგ, ევროკავშირი და ბრიტანეთი ე.წ. განქორწინების პირობებს ათანხმებენ.
2017 წლის 29 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი აამოქმედა და „ბრექსიტის“ შესახებ ორწლიანი მოლაპარაკებების პერიოდი დაიწყო.
2018 წლის მარტში კი ბრიტანეთი და ევროკავშირი ე.წ. გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც ლონდონმა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვართან დაკავშირებით პრობლემის პოტენციური გადაწყვეტა მიიღო.
გარდამავალი პერიოდი 21-თვიან მონაკვეთს გულისხმობს, როცა ბრიტანეთი ხმის მიცემის უფლების გარეშე ბლოკის შემადგენლობაში რჩება.
ტერეზა მეის განცხადებით, ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.