ბრიტანეთი ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური საგნების აკრძალვის ინიციატივით გამოდის
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური საწრუპების, ბამბის ქულიანი ყურის ჩხირების და სასმელის მოსარევი პლასტიკური ჯოხების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, ერთჯერადი პლასტიკური საგნები ზღვების მთავრი დამაბინძურებელი ფაქტორია.
CNBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის მთავრობა აპირებს იმუშაოს პლასტიკატის ინდუსტრიასთან, რომ მეწარმეებმა ერთის მხრივ შექმნან ალტერნატიული პროდუქტი და მეორეს მხრივ – შესაბამისი ცვლილების ამოქმედებამდე ადაპტაცია მოასწრონ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ლონდონში გუშინ გამართულ ე.წ. ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობის მთავრობათა შეხვედრაზე განაცხადა, რომ პლასტიკური ნარჩენები გარემოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში ბრიტანეთს შეუერთდნენ.
ბრიტანეთის ერთა თანამეგობრობა ბრიტანეთის ყოფილ იმპერიაში შემავალი სახელმწიფოებისგან შედგება, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ ხვდებიან.
პლასტიკური ნარჩენების გადამუშავების საკითხი პლანეტის ზღვებსა და ოკეანეებს დიდ საფრთხეს უქმნის. მხოლოდ ევროპა წელიწადში 25 მილიონ ტონა პლასტიკატის ნარჩენს უშვებს გარემოში და აქედან 30 პროცენტზე ნაკლების შეგროვება ხდება გადამუშავების მიზნით.
ანალიტიკოსების აზრით, ბრიტანეთის ინიციატივა, აკრძალოს ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური საგნები საზოგადოების ცნობიერებაში გადატრიალებაზე მიანიშნებს. გაერთიანებული სამეფოს სუპერმარკეტების წამყვანმა ქსელმა Iceland-მა პირობა დადო, რომ 2023 წლისთვის საკუთარი წარმოების პროდუქციის შესაფუთი მასალიდან პლასტიკატს სრულად ამოიღებს. 60-მდე ფესტივალის ორგანიზატორებმა კი დადეს პირობა, რომ წლევანდელ ზაფხულში პლასტიკატის საწრუპ ჩხირებს აღარ გამოიყენებენ.
2021 წლისთვის ყველა ტიპის ერთჯერადი მოხმარების პლასტიკური საგნებს ამოიღებენ ხმარებიდან.