დიდი ბრიტანეთი ელექტრომობილების რაოდენობის თვალსაზრისით, მსოფლიო ლიდერობას გეგმავს. შესაბამისი სტრატეგია ბრიტანეთის მთავრობამ დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის ავტოგაყიდვების ნახევარი უკიდურესად მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებმა უნდა შეადგინონ. ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
ბრიტანეთის ახალი სატრანსპორტო სტრატეგია ელექტრომობილების და ზოგადად, უკიდურესად მცირე ემისიის მქონე ტრანსპორტის მასიური ადაპტაციისთვის მოამზადებს ნიადაგს. აქედან გამომდინარე, სტრატეგია მთელ რიგ ინიციატივებს მოიცავს, რომლებიც ე .წ. მწვანე ტრანსპორტზე მორგებული ინფრასატრუქტურის განვითარებას გულისხმობს, ასევე მიზნად ისახავს გარემოსი მავნე გამონაბოლქვის შემცირებას და „ნულოვანი გამონაბოლქვის“ მქონე ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდას.
უკიდურესად მცირე ემისიის მქონე ტრანსპორტის მცნება გულისხმობს ავტოტრანსპორტს, რომელიც მეტისმეტად მცირე გამონაბოლქვს გამოყოფს და ძირითადად, ჰიბრიდულ ავტომობილებსა და ელექტრომობილებს გულისხმობს.
თუმცა როგორც წესი, ამ საკითხს ქვეყნები კანონმდებლობით აზუსტებენ.
დღეის მდგომარეობით გაერთიანებულ სამეფოს გზებზე 150 ათასი უკიდურესად მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი მოძრაობს. სტრატეგიის მიხედვით კი, დაახლოებით 12 წელიწადში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების 50 პროცენტი და ე.წ. ფურგონების გაყიდვების 40 პროცენტი მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებზე უნდა მოვიდეს. ამ მიზნის მისაღწევად ბრიტანეთის მთავრობა 2020 წლამდე 1.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას აპირებს.
გარდა ამისა, სტრატეგიის ნაწილია ახლად აშენებულ სახლებსა და ლამპიონებზე ელექტრომობილების დასამუხტი წერტილების მოწყობა, 400 მილიონი გირვანქა სტერლინგის კაპიტალის საინვესტიციო ფონდის დაარსება, რომელიც დასამუხტ ინფრასტრუქტურას მოემსახურება, ასევე 40 მილიონი გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტის მქონე ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც ელექტრომობილების ინოვაციური დასამუხტი პუნქტების განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც იქნება ქუჩის პირობებშიც იაფი და მოსახერხებელი.
სტრატეგიის მიხედვით, ელექტრომობილების მფლობელებს 500 გირვანქა სტერლინგი დაურიგდებათ საკუთარ სახლში დასამუხტი წერტილის მოსაწყობად.
ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრ კრის გრეილინგის განცხადებით, მომავალი 10 წელიწადი ქვეყნის ტრანსპორტის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურისთვის უაღრესად რეფორმატორული იქნება.
„ტრანსპორტის სექტორში მომავალ 10 წელიწადში ჩვენ უფრო მეტ ცვლილებებს ველოდებით, ვიდრე ეს მთლიანად გასულ საუკუნეში მოხდა,“- განაცხადა მინისტრმა. მისი აზრით, ახალი სტრატეგია ბრიტანეთს საშუალებას აძლევს, რომ ე.წ. „ნულოვანი-ემისიის“ რევოლუციაში მსოფლიო მასშტაბით, ფლაგმანის პოზიცია დაიკავოს.