ბრიტანელი დეპუტატი - დაუყოვნებლივ შეწყდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანთა გატაცებისა და წამების ფაქტები, რუსეთმა რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე უნდა იზრუნოს
ბრიტანელი დეპუტატი მარკ პრიჩარდი კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებს, რომ ყოველთვის, როდესაც ისინი უკრაინის ოკუპაციასა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრებენ, აუცილებად ისაუბრონ იმაზეც, რომ რუსეთს საქართველოს ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული. ამ მოწოდებით ბრიტანელი პოლიტიკოსი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა, სადაც 50 ხმით ხუთის წინააღმდეგ საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებამდე პრიჩარდმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და შეშფოთება გამოთქვა.
„მე ძალიან შეშფოთებული ვარ ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება. ათასობით ადამიანი ამ დრომდე გამოდევნილია მათი სახლებიდან, სადაც ისინი მრავალი თაობა ცხოვრობდნენ. ამასთან ერთად, ჰუმანიტარული გამოწვევები დარტყმას აყენებს გადაადგილების თავისუფლებას. ადამიანებს ოჯახის წევრების მონახულების საშუალება არ აქვთ. ე.წ. ბორდერიზაცია, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს, დარტყმას აყენებს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასაც – ადამიანებს ეკლესიებამდე მისვლის საშუალება არ აქვთ“, – აღნიშნა პრიჩარდმა სიტყვით გამოსვლისას.
ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანთა გატაცებისა და წამების ფაქტები, რუსეთის ფედერაციამ კი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და რეგიონში მშვიდობის დამყარებაზე იზრუნოს.
„მოდით, ვისაუბროთ ძალიან ღიად – სამხრეთ ოსეთის რეგიონში ხდება უკანონო დაკავებები, ადგილი აქვს წამებას და ტყვეობაში სიკვდილის ფაქტებს. ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა იყოს გამოძიებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთს, გახდეს პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი, უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება, სერიოზულად დაფიქრდეს მშვიდობის დამყარებაზე და ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალება მისცეს“, – აღნიშნა პრიჩარდმა სიტყვით გამოსვლისას.