ბრაზილიის ყოფილ პირველ პირს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს
ბრაზილიის ყოფილ პირველ პირს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
შესაბამისი გადაწყვეტილება რვასაათიანი სხდომის შემდეგ ქვეყნის საარჩევნო უზენაესმა სასამართლომ მიიღო. პოლიტიკოსს ვერდიქტის გასაჩივრება შეუძლია.
ლუის ინასიუ ლულა და სილვას კანდიდატურა ბრაზილიის მუშათა პარტიამ რამდენიმე კვირის წინ წარადგინა. კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ კი ქვეყნის მთავარმა პროკურორმა, რაკელ დოჯმა და რიგმა პოლიტიკოსებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული გამოკითხვის დროს ლუის ინასიუ ლულა და სილვას გამოკითხულთა 40-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა. შესაბამისად, ბრაზილიის ყოფილმა ლიდერმა პრეზიდენტობის კანდიდატებში პირველი ადგილი დაიკავა.
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნები 7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ამჟამად, ლათინური ამერიკის სახელმწიფოს ყოფილი პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა კორუფციაში ბრალდების გამო 12 წლიან სასჯელს იხდის. თავად პოლიტიკოსი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ არსებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.