ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში სოციალურ ქსელ X-ის მუშაობის შეჩერების განკარგულება გასცა
ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში სოციალურ ქსელ X-ის მუშაობის შეჩერების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრაზილიაში X-ის ფუნქციონირება „დაუყოვნებლივ და სრულად უნდა შეჩერდეს“.
სასამართლოს განკარგულების თანახმად, X დაიბლოკება, ვიდრე სოციალური ქსელი არ შეასრულებს სასამართლოს ყველა განკარგულებას და არ გადაიხდის არსებულ ჯარიმებს, რომელთა რაოდენობა სამ მილიონ დოლარს აჭარბებს.
როგორც მოსალოდნელია, X ბრაზილიაში მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიბლოკება.
„როიტერის“ ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე დე მორაესმა ბრაზილიის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს დაავალა, აღასრულოს X-ის მუშაობის შეჩერების ბრძანება და 24 საათის განმავლობაში დაუდასტუროს სასამართლოს მისი შესრულება.
როგორც სააგენტო წერს, მომხმარებელთა მიერ ვირტუალური კერძო ქსელების (VPN) გამოყენების თავიდან ასაცილებლად მორაესმა განაცხადა, რომ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ამ გზით სოციალურ ქსელზე წვდომას შეინარჩუნებენ, შესაძლოა, დღეში 50 000 რეალის ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ.
მანამდე მორაესმა X-ს დაავალა დაებლოკა ანგარიშები, რომელთა მფლობელებსაც ბრალი დეზინფორმაციის გავრცელებასა და სიძულვილის გაღვივებაში ედებათ. ილონ მასკმა ეს განკარგულება ცენზურის მცდელობად შეაფასა.
X-თან დაკავშირებული დავის ფონზე ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ასევე დაბლოკა თანამგზავრული ინტერნეტკომპანიის, Starlink-ის ადგილობრივი საბანკო ანგარიშებიც. ამ კომპანიის 40% ამერიკელ მილიარდერ ელონ მასკს ეკუთვნის, რომელიც ასევე არის სოციალურ ქსელ X-ის მფლობელიც.