ბრაზილიის სასამართლო ქვეყნის ექსპრეზიდენტს მოუწოდებს, პოლიციას ჩაბარდეს
ბრაზილიის სასამართლო ქვეყნის ექსპრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას მოუწოდებს, პარასკევს შუადღემდე პოლიციას ჩაბარდეს. ბრაზილიის ყოფილ ლიდერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
გადაწყვეტილება ლულას დაპატიმრების შესახებ ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს დილით მიიღო.
ფედერალური მოსამართლის, სერხიო მოროს განცხადებით, 72 წლის ლულა და სილვა პოლიციაში პარასკევს ადგილობრივი დროით არაუგვიანეს 17:00 საათამდე უნდა წარდგეს.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტისთვის განსაკუთრებული საკანია მომზადებული, სადაც ის სხვა პატიმრებისგან იზოლირებული იქნება, რაც ყოველგვარი მორალური თუ ფიზიკური ზიანისგან დაიცავს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის უზენაესი სასამართლოს მიერ კორუფციის ბრალდების საქმეზე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს, თუმცა მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი ლულას ციხეში მოუწევს.
ბრალდების მხარე მას ქრთამის აღებას ედავება. ლულა და სილვამ აპელაციის პასუხამდე გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ლულა ამტკიცებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისთვის ხელის შეშლას ემსახურება.
გამოკითხვების თანახმად, ლუის ინასიო ლულა და სილვა შესაძლო კანდიდატებს შორის რეიტინგის სათავეშია.