ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანა გახდა
ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა რეფორმა ეკონომიკური მიმართულებით. სწორედ ამ რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდრო ქვეყანა ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიც არის გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, უსაფრთხოება და სხვა“, – ამის შესახებ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა. იგი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს, რაც ბრაზილიისთვის საკმაოდ საინტერესო და სამაგალითოა.
ფერეირას განცხადებით, მისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა ელექტრონული მომსახურების მიღების მიმართულებით.
„ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებიც თქვენ განახორციელეთ და იმ წარმატებას, რომელიც საქართველოს აქვს სერვისების ელექტრონულად მიღების კუთხით“ – განაცხადა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ.
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, საქართველო კავკასიის რეგიონში ბრაზილიისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და იგი აქტიურად მუშაობს ბრაზილიის შესაბამის სამინისტროსთან, რომ მოხდეს საქართველოში ბრაზილიის ბიზნეს დელეგაციის სტუმრობა, რათა მათ ადგილზე შეაფასონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები.
როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა და ახლა საჭიროა ეს სათანადოდ გამოვლინდეს კონკრეტულ სფეროებში ურთიერთობებში – იქნება ეს ხალხთაშორისი კონტაქტები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ.
მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მინისტრებმა დღეს მოაწერეს.
როგორც მინისტრმა განაცხადა ,ბრაზილიის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა მოჰყვა სენატორების ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ალოუსიო ნუნეს ფერეირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ბრაზილია მხარს უწერს საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის 15-16 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.
ნუნეს ფერეირამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.