საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ალოუსიო ნუნე ფერეირა თავდაპირველად საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს. ორი ქვეყნის მინისტრებმა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართეს,მისი დასრულების შემდეგ კი ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორ ქევყანას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები ხალხებს შორის ურთიერთობებში უნდა გაღრმავდეს.

“ყველა ის საკითხი, რომელზედაც ჩვენ ვიმსჯელეთ, ეს იყო ის საკითხი, რომელზედაც სრული თანხვედრა გვაქვს და ეს არის თანხვედრა, რომელიც ეფუძნება არამხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც არის მაგალითად ეკონომიკური, კომერციული, გეოპოლიტიკური და ა.შ. ასევე იმ საკითხებს, რომელიც ეხება სწორედ იმ ღირებულებების გაზიარებას, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ბაზისს წარმოადგენს. ჩვენი ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გაფურჩქვნის სტადიაშია, საჭიროა ეს ურთიერთობები ხალხთა შორის გაღრმავდეს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელა და გახდა მსოფლიოში მყარად ფეხმოკიდებული ქვეყანა, ეს იქნება გამჭვირვალობა თუ ღიაობა. მე ვაფასებ იმ რეფორმას, რომელიც საქართველოს მაგალითად აქვს სერვისების ონლაინ მიღების კუთხით. ჩვენს ქვეყანაში ბიუროკრატია მძიმეა”, -აღნიშნა ალოუსიო ნუნე ფერეირამ.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, მიუხედავად გეოგრაფიული დისტანციისა, არსებობს დიდი პოტენციალი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განსავითარებლად.

“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, როგორც ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარების კუთხით და რომელიც უკვაშირდება, როგორც პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, გაღრმავებას, ასევე ჩვენი თანამშრომლობის განვითარებას სექტორალური მიმართულებით. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ვხედავთ დიდ პოტენციალს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების განსავითარებლად, მიუხედავად გეოგრაფიული დისტანციისა არსებობს ამის ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო მისიაზე, რომელიც იგეგმება და განხორციელდება მომავალ წელს და დარწმუნებული ვარ, ეს სავაჭრო მისია ბრაზილიიდან ახალ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას მოახდენს. ვისაუბრეთ ჩვენს თანამშრომლობაზე განათლების სფეროზე. გამოვხატეთ მზაობა, რომ იყოს მეტი ეკონომიკური კავშირები, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ალოუნსიო ნუნე ფერეირა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს პატივს მიაგებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

ოფიციალური ვიზიტის ფარფლებში, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერიც უმასპინძლებს.