ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ჯანდაცვის მინისტრი ლუის ენრიკე მანდეტა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრს შორის უთანხმოება კორონავირუსის გავრცელებაზე რეაგირებას უკავშირდებოდა.

პრეზიდენტმა ბოლსონარუმ საჯაროდ გააკრიტიკა მინისტრი იმის გამო, რომ ის მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა.

თავად ბრაზილიის მემარჯვენე ლიდერი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციულ ზომებს ეწინააღმდეგება და კორონავირუსს გრიპს ადარებს. ის ეწინააღმდეგებოდა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დემონსტრაციულად დადიოდა მაღაზიებში, ხვდებოდა მხარდამჭერებს და აქციებში მონაწილეობდა.

ბოლსონარუ მიიჩნევს, რომ პრევენციული ზომები ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.

ბრაზილიური მედიის ცნობით, ბოლსონარუმ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ონკოლოგი ნელსონ ლუსი შპერლე ტაიში დანიშნა. ბოლსონარუს თქმით, მან ახალ მინისტრთან განიხილა, თუ როგორ დაუბრუნდნენ ბრაზილიელები სამუშაოს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსის 30 425 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1 924-ს შეადგენს.