ბრაზილიის ხელისუფლებამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ტყის გადაწვა აკრძალა
ბრაზილიის ხელისუფლებამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ტყის გადაწვა აკრძალა

ბრაზილიის ხელისუფლებამ ტერიტორიის გაწმენდის მიზნით ტყის გადაწვა აკრძალა, – ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის პრევენციის მიზნით დაწესებული აკრძალვა 60 დღე გაგრძელდება. პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ შესაბამის ბრძანებას უკვე მოაწერა ხელი.

ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურორებმა დაადგინეს, რომ რამდენიმე ათეული ცეცხლის კერა სწორედ არალეგალური ქმედებების შედეგად გაჩნდა. კერძოდ, ფერმერები ნიადაგის გაწმენდის მიზნით ტერიტორიას ცეცხლს უკიდებდნენ.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის ცენტრმა საგანგაშო მონაცემები გასულ კვირას გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხანძრების რიცხვი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 80 პროცენტით გაიზარდა.

ამ მომენტისთვის ამაზონის ტროპიკულ ტყეში ცეცხლის რამდენიმე ათას კერას ებრძვიან. აღნიშნული საკითხის განსახილველად მომდევნო კვირაში სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ლიდერები შეხვედრას გამართავენ.