საქართველოში ბრაზილიის ელჩი - ვიმედოვნებ, ნიკოლას მადურო ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით დატოვებს
ვიმედოვნებ, ნიკოლას მადურო ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით დატოვებს, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, სისერო მარტინს გარსიამ ვენესუელაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.
მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას სისერო მარტინს გარსიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბრაზილიის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ქვეყანა ოპოზიციურ ლიდერს უჭერს მხარს, ნიკოლას მადუროს კი არალეგიტიმურ მმართველად აცხადებს.
ბრაზილიის ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ ნიკოლას მადურო დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად გონივრულ ნაბიჯს გადადგამს და ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით დატოვებს.
„ვენესუელის საკითხთან დაკავშირებით ბრაზილიამ საკუთარი პოზიცია გუშინ უკვე დააფიქსირა. კერძოდ, ჩვენი პოზიცია შემდეგია, ვაღიარებთ ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ გუაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. რაც შეეხება მადუროს, ის არ არის ლეგიტიმური გზით არჩეული პრეზიდენტი, რადგან ქვეყნის არჩევნები მანიპულაციებით ჩატარდა და სამართლიანი არ ყოფილა. მადურო საკუთარი ავტორიტეტის ძალით შენარჩუნებას შეეცადა, თუმცა რეალურად არჩევნებში დამარცხდა. რთულია, ახლა მიმდინარე მოვლენების შედეგებზე ვიფიქროთ. თუმცა, ვიმედოვნებ, მადურო ხელისუფლებას დატოვებს მშვიდობიანი გზით და გაიაზრებს, რომ ამ არალეგიტიმურობას დიდი ხნით ვეღარ შეინარჩუნებს. ვითარების გამწვავების თავიდან ასარიდებლად, ვფიქრობ, მან უნდა დატოვოს ხელისუფლება“, – განუცხადა პირველ არხს სისერო მარტინს გარსიამ.