ბრაზილიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 25 წლის მოქალაქეებისთვის ოთხი ერთეული იარაღის შეძენა კანონით დაშვებული იქნება. ახალი კანონის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი ბრაზილიაში მკვლელობების და ძალადობის რიცხვს გაზრდის.
ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს განკარგულებით, 25 წლის მოქალაქეებს, რომლებიც ნასამართლევი არ არიან და ისეთ უბნებში ცხოვრობენ, სადაც კრიმინოგენული სიტუაცია რთულია, ოთხი ერთეული იარაღის ყიდვა შეეძლებათ. ახალი კანონი ბრაზილიის 27 შტატზე გავრცელდება.
მანამდე, ბრაზილიაში მოქმედი კანონით, იარაღის შეძენამდე მოქალაქეს უნდა განემარტა, რისთვის სჭირდება იარაღი. ბრაზილიის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, ეს კანონი სუბიექტური იყო და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება თავდაცვის საშუალება.
ამასთან, ახალი კანონით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში იარაღის ტარება კვლავ აკრძალულია.
ბრაზილიაში მხოლოდ 2017 წელს 64 ათასზე მეტი მკვლელობა მოხდა. როგორც ოპოზიცია აცხადებს, კანონის შეძენაზე დაწესებული შეღავათები ძალადობის ესკალაციას შეუწყობს ხელს.