ბრაზილიაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მთავარი ფინანსისტი დააკავეს. ლათინური ამერიკის ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ასად აჰმედ ბარაკატის დაკავების განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც პარაგვაის მთავრობამ მისი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ბრაზილიას აცნობა.
მას პარაგვაის ტერიტორიაზე გარკვეულ ფინანსურ დანაშაულებში მიუძღვის ბრალი. 2002-2008 წლებში „ჰეზბოლას“ მთავარი ფინანსისტი პარაგვაის ციხეში ფინანსური მაქინაციების გამო, სასჯელს იხდიდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ კი ბრაზილიაში გადავიდა და ბიზნესი დაიწყო.
„ჰეზბოლას“ ყოფილ ფინანსისტს პარაგვაისთან ერთად დანაშაულები არგენტინაშიც აქვს ჩადენილი. ოფიციალური ბუენოს-აირესის განმარტებით, ასად აჰმედ ბარაკატმა საზღვრისპირა ქალაქის კაზინოდან 10 მილიონი დოლარი გაიტაცა.
2004 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ასად აჰმედ ბარაკატი ლიბანური რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ცნობილ წევრად შეაფასა.
ოფიციალური ვაშინგტონის განმარტებით, ბარაკატი ლიბანური „ჰეზბოლას“ ფინანსებს დიდი ხნის განმავლობაში განაგებდა.